თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თუ ყოველდღიურ რაციონში თხილის ამ სახეობას ჩართავთ, ეს ჰიპერტონიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ − ძილშიც კი, წერს ბრიტანული ტაბლოიდი Daily Express მეცნიერებზე დაყრდნობით.
აშშ-ის კარდიოლოგთა ასოციაციის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რა დროსაც ერთდროულად ორი დაავადებით − ჰიპერტონიითა და მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აკვირდებოდნენ.
საკვლევი პირები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველს მცირე რაოდენობით ცხიმებისა და დიდი რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი დიეტა დაუნიშნეს, მეორე ჯგუფს კი ზომიერი ცხიმების შემცველი დიეტა, რომელსაც ფსტა დაუმატეს.
ოთხი კვირის შემდეგ მეორე ჯგუფში შემავალ პაციენტებს საინტერესო ფაქტი დაუდასტურდათ: ფსტის დიეტამ მნიშვნელოვნად შეამცირა არტერიული წნევა, ასევე გულის რიტმის ვარიაბელურობა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სხვა მარკერები.
„ფსტის დიეტის შემდეგ სისტოლური არტერიული წნევა მნიშვნელოვნად შემცირდა, ამასთან, ყველაზე დიდი დაწევა ძილის დროს დაფიქსირდა“, − აღნიშნეს მკვლევარებმა.
მათი დასკვნით, ზომიერ ცხიმიან დიეტაზე დამატებული ფსტა სხვა ყველა თხილზე უკეთ ამცირებს არტერიულ წნევას. გამომდინარე აქედან, ფსტას შეუძლია აღკვეთოს ისეთი საშიში დაავადებების რისკი, როგორებიცაა ინსულტი და გულის შეტევა.
გარდა ამისა გაირკვა, რომ ფსტა, მასში შემავალი ამინომჟავა L-არგინინის წყალობით, ორგანიზმში აზოტის ოქსიდად გარდაიქმნება, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს სისხლძარღვების გაფართოებაში. შედეგად, უმჯობესდება სისხლნაკადი, რაც ორგანიზმის მთელი რიგი ფუნქციების, მათ შორის, ერექციული ფუნქციის დარღვევას ებრძვის.
წყარო: Daily Express