თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ზაჰესი–ნატახტრის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ღამის საათებში გზის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც პერიოდულად შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების განმარტებით, ზაჰესი–ნატახტრის მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარზე გაჩენილია მრავლობითი ბზარები, აღინიშნება დეფორმაციები, ხშირია ორმოების გაჩენის შემთხვევები, რის გამოც გზაზე გადაადგილება არაკომფორტულია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი–ნატახტრის (17–27 კმ) მონაკვეთზე 21 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით დაგეგმილია პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარება. სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში, 24:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ჩატარდება.
დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებისა და გზაზე უსაფრთხო და კომფორტული მოძრაობის უზრუნველსაყოფად ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. აღდგება გზის სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარის ფენა, მოპირკეთდება საყრდენი კედლები, განთავსდება მოძრაობის რეჟიმის რეგულირების ტექნიკური საშუალებები, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა, მოეწყობა ახალი მიმმართველი ბოძკინტები და სხვ.
პირველ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მარჯვენა მიმართულებაზე.