თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ჭამის დროს წყლის სმა მავნებელია ორგანიზმისთვის, ის მხოლოდ ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ უნდა დალიოთ, აცხადებენ სპეციალისტები.
ექიმების თქმით, ღეჭვის დროს ადამიანი გამოყოფს ნერწყვს, რომელიც საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს შეიცავს. ეს ფერმენტები შლის ნახშირწყლებს და ხოცავს პათოგენურ და ორგანიზმისთვის სახიფათო ბაქტერიებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ საჭმელს წყალს დააყოლებთ, ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მომნელებელ წვენსა და ფერმენტებს განაზავებს, რასაც შედეგად საკვების ნელა და დუნე მონელება მოჰყვება. ამის გამო ადამიანმა შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იგრძნოს ჭამის შემდეგ სიმძიმე კუჭში.
მარტივად რომ ვთქვათ, ჭამისას ლუკმაზე წყლის დაყოლება ხელს უშლის კუჭის წვენს მის გადამუშავებაში და საკვები დუღილს, ხრწნასა და დაშლას იწყებს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლას იწვევს.
სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები, რომ ნებისმიერი სითხე, იქნება ეს უბრალო წყალი, ხილის წვენი, ჩაი, გაზირებული სასმელი თუ იოგურტიც კი, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დააყოლოთ საკვებს, რაც ლუკმას კარგად დაღეჭავთ და გადაყლაპავთ. უფრო მეტიც: საუკეთესო იქნება, თუ სითხეს ჭამიდან მხოლოდ 40-45 წუთის შემდეგ დალევთ.
სპეციალისტების განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სითხე და საკვები კუჭში ერთმანეთთან არ „გადაიკვეთებიან“ და ნერწყვიც თავის ფუნქციას გამართულად შეასრულებს.
გარდ ამისა, ჭამის დროს სითხის სმა:
აფართოებს კუჭის კედლებს, რაც წონის შენარჩუნებას ან მის დაკლებას უშლის ხელს. ანუ კუჭი დიდდება და ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტის ჭამა მოგინდებათ;
სასარგებლო თვისებებს უკარგავს პროდუქტებს — ყველაზე ჯანსაღსა და მარგებელსაც კი. საქმე ისაა, რომ კუჭის წვენის სითხით განზავების შემდეგ ორგანიზმს პროდუქტში შემავალი ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების ათვისება უჭირს.