თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე თბილისში ორშაბათს პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა, იუწყებოდა Sputnik-აზერბაიჯანი თავის Telegram-არხზე.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე სადავო მონაკვეთია, რომელიც დღემდე არ არის შეთანხმებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.
კონსულტაციების ჩასატარებლად თბილისში იმყოფება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰალაფ ჰალაფოვი.
საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია 1996 წელს შეიქმნა.
15 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის შედეგად საზღვრის დაზუსტების სამუშაოების თითქმის 70% შესრულდა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში შეფერხებები გაჩნდა. ოფიციალური თბილისი დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის და სოფელ ერისიმედის ტერიტორიებს სადავოდ მიიჩნევს.
დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.
აზერბაიჯანელი ისტორიკოსები დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას „ქეშიქჩიდაღს“ უწოდებენ. ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს კომპლექსი ისტორიული კავკასიის ალბანეთის კუთვნილებაა.