საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ არასწორი მიზნებისთვის - მინისტრი სუროგაციის შესახებ

Sputnik
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს არასწორი მიზნებისთვის იყენებენ – ასეთი კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის გადაწყვეტილებაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისით სარგებლობის აკრძალვის შესახებ.
2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა გეგმავს, ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუშვას. 1 იანვრიდან დონორი და სუროგატი დედა უნდა მოქმედებდეს უანგაროდ, ხოლო კომპენსაციას იღებდეს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.

„ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეიზღუდება და მომდევნო წლის 1 იანვრიდან დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრი დარწმუნებულია, რომ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ" კანონპროექტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, ის ეხება არა მხოლოდ სუროგაციას, არამედ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ საკითხს, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებას.
ამასთან, როგორც აზარაშვილმა განაცხადა, შესაძლოა, კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილონ.
თამარ გაბუნია: საქართველოში სუროგაცია ბიზნესად არ უნდა იქცეს >>
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, უნდა შეიზღუდოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება მაღალ რისკებს შეიცავდეს როგორც გაშვილებასთან, ისე ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
„არასწორი ბიზნესის კეთებით ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობა უნდა შევზღუდოთ, ავკრძალოთ და, თუ საჭიროა, ასეთი კლინიკები თუ ცენტრები უნდა დაიხუროს“, – განაცხადა აზარაშვილმა და განმარტა, რომ არასწორ ბიზნესში კლინიკების ყველანაირი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე ფუნქციონირებას გულისხმობს.
აზარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე მოქმედებს.
საფრანგეთში მარტოხელა ქალებსა და ლესბოსურ წყვილებს ხელოვნური განაყოფიერების უფლება მიეცათ >>
აზარაშვილის განცხადებით, შეიქმნება რეესტრები დონორების და სუროგატი დედების აღრიცხვის მიზნით. აღნიშნული პროცესი სრულად მოექცევა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, რათა წლების შემდეგ ძალიან მძიმე შედეგები არ დადგეს.

„ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია“, – დაასკვნა აზარაშვილმა.

კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ", რომელიც ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა მოამზადეს, პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.
გარდა ამისა, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ საქართველოში იყო სუროგაციისა და დონაციის დაახლოებით ათასი შემთხვევა წელიწადში, ახლა კი 2 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.