სპეციალისტმა საქართველოში ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში პროფესიები დაასახელა

ჯანმრთელობისთვის საზიანოა პროფესიები, რომლებიც ადამიანებს გზებთან უშუალო სიახლოვეში ყოფნას აიძულებს.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშია ტრასებთან და გზებთან დაკავშირებული პროფესიები, განაცხადა Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, ექიმმა ჰიგიენისტმა, ეკო-ტოქსიკოლოგმა მარინა გიორგობიანმა.
მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვისი სამუშაოც უკავშირდება გზებს, მაგისტრალებს, ტრასებს, განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება, რადგანაც მათი პროფესია თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ ყველაზე ტოქსიკურს.

„მაგალითად, ყველა ადამიანი, რომლებიც დგანან ქუჩაში, მაგისტრალებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რისკის ქვეშ არიან, რადგან გამონაბოლქვი ტოქსიკურია. მათში 800 მავნე ნივთიერებაა, საიდანაც 400 კანცეროგენურია", – განაცხადა გიორგობიანმა.

მიმდინარე წლის მაისში სპეციალისტებმა საქართველოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინეს. ქვეყანაში პერიოდულად ფიქსირდება მყარი ნაწილაკებისა და აზოტის დიოქსიდის ნორმების სიჭარბე. ეს პრობლემა განსაკუთრებით იგრძნობა თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში.
ამ დაბინძურების ძირითადი მიზეზი ავტოტრანსპორტია. სპეციალისტები 2022 წელს ამ დაბინძურების მაჩვენებლების ზრდას უკავშირებენ ავტომანქანების იმპორტის ზრდას 2021 და 2022 წლებში.
დასახელდა თბილისის ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილი>>
თუ ადრე ყოველწლიურად 65 ათასი ავტომობილის იმპორტი ხდებოდა, 2021 წელს ეს რაოდენობა 95 ათასამდე გაიზარდა, ხოლო გასულ წელს 107 ათასს გადააჭარბა.
დაბინძურების წყაროებია ასევე სამშენებლო და სამრეწველო სექტორები.