საქონელბრუნვის რეკორდული ზრდა: ექსპერტი საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე

ექსპერტმა რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. რუსეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ზრდის ყველაზე რეკორდული ტემპებია სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, განაცხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ლეონიდ ხოლოდმა.
ექსპერტმა ამ ფაქტის შესახებ ვიდეოხიდის დროს ისაუბრა, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდამ 70%-ზე მეტი შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ არა მხოლოდ კარგი საქონელბრუნვა გვაქვს, არამედ ეს ასევე სწრაფად იზრდება. თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, საქართველოსთან, ალბათ, ზრდის ყველაზე რეკორდული ტემპები გვაქვს", – განაცხადა ხოლოდმა.

პროფესორის თქმით, ქვეყნები ვაჭრობენ იმ საქონლით, რომლითაც სახელი აქვთ განთქმული – რუსეთს ექსპორტზე გააქვს ქვანახშირი, გაზი, ნავთობი, ხორბალი, ფქვილი, მინის ჭურჭელი, ხოლო საქართველო ყიდის ღვინოს, ღვინის მასალებს, სპირტის მასალებს, მინერალურ წყალს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელებს.

„ბოლო დროს საქართველო პარალელური იმპორტის მხრივ (რეექსპორტი) ავტომობილების მძლავრი მომწოდებელი გახდა. ანუ იმ კომპანიების ავტომობილების შეძენა, რომლებმაც რუსეთში გაყიდვები შეწყვიტეს, შესაძლებელია მესამე ქვეყნებში, ამ შემთხვევაში – საქართველოში", – განმარტა ხოლოდმა.

ქართული ოპოზიციის სხვადასხვა გამოსვლის კომენტირებისას, სადაც ისინი რუსულ ბაზარზე უარის თქმას და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვენ, ხოლოდმა აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზეა საუბარი, „პრაგმატული მიდგომაა" საჭირო.

„საქართველოს მშპ-ის ზრდის რეკორდული ტემპები აქვს, მათ შორის, რუსეთთან საქონელბრუნვის ზრდის გამო, რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიზეზით, და თქვენი ქვეყანა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში წამყვან პოზიციებზე გავიდა. და რა არის ამაში ცუდი?" – აღნიშნა ექსპერტმა.

საქართველოში ბოლო წლებში საუბარი მიდის ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციაზე, მაგრამ რუსეთი დღემდე ამ პროდუქტის მთავარი მყიდველია, რაც ასევე ხშირადაა ოპოზიციური ძალების კრიტიკის საგანი.
ექსპერტის თქმით, „რუსეთი კარგად იცნობს" ქართულ ღვინოებს, სხვა ქვეყნებს კი წინ აქვთ ეს პროცესი, რომ მისი აქტიური მომხმარებელი გახდნენ. ეს კი, ხოლოდის თქმით, ხანგრძლივი და რთული გზაა.

„დივერსიფიცირება სხვადასხვა ბაზარზე საჭიროა, მაგრამ ეს დრო და ფულია. სწრაფად არ გამოვა. ჯერ ერთი, ამისთვის ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, ხარჯებია საჭირო, მაგრამ არ ღირს იმ არხებზე უარის თქმა, რომლებიც რეალურად უკვე არსებობს", – განაცხადა ხოლოდმა.

ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელს შორის მეხუთე ადგილი უკავია. მასზე მთელი ექსპორტის 4,5% მოდის.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სამი სამიზნე ბაზარი შეირჩა>>
ქართული ღვინის ძირითად იმპორტიორს წლებია რუსეთი წარმოადგენს. 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 252,5 მლნ დოლარის ღირებულების 103 მლნ ლიტრამდე ღვინო. 2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% რუსეთში განხორციელდა, სადაც ჯამში 160,8 მლნ დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა. გარდა ამისა, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში 38 მლნ დოლარის ღირებულების 13,8 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო გავიდა, რაც 49,6%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მინისტრი: 2022 წელს ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ქართული ღვინო გავიდა>>
ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ეწევა ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულ საექსპორტო ქვეყნებში.
მსოფლიოს მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 2012 წელს 1,5 მლნ ლარიდან ამჟამინდელ 14 მილიონამდე გაიზარდა.