„ვივამედის“ სასწაული: იაგო ხვიჩია პოლიტიკაში სააკაშვილის დაბრუნებაზე

ამიერიდან იმ პარტიის ლიდერი, რომელსაც არჩევნებზე გამარჯვება სურს, ციხეში ჯანმრთელობას და მხნეობას უნდა ასხივებდეს, განაცხადა ხვიჩიამ
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. შეიძლება ითქვას, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება კლინიკა „ვივამედის“ სასწაულია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის მაისიდან იმყოფება. მან სოციალური ქსელის თავის გვერდზე 16 ივნისს დაწერა, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას აპირებს და პარალელურად მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პოლიტიკაში. ექს-პრეზიდენტის თქმით, ის ასევე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს, როდესაც ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი.
„ჩემი აზრით, ეს არის „ვივამედის“ სასწაული. ადამიანი, რომელიც 60 კილო იყო და გვეუბნებოდნენ, რომ დღე-დღეზე კვდება, კლინიკამ მოაბრუნა არა მხოლოდ სააქაოს, არამედ პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, მის პარტიაში ყოველთვის მიაჩნდათ, რომ ექს-პრეზიდენტი არასდროს წასულა პოლიტიკიდან.
„ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, მიგვაჩნდა, რომ არც არსად წასულა. შემდეგ კონსულტაციებზეც უნდა დაგვიჯეროს და საერთოდ ციხეში უნდა გადავიდეს და იქიდან უხელმძღვანელოს პოლიტიკურ პროცესებს „ნაცმოძრაობაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია
დეპუტატმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ სააკაშვილს აღარ შეაწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან, „ლიდერი იმ პარტიის, რომელსაც გამარჯვება უნდა, უნდა იყოს ციხეში და ჯანმრთელობას და მხნეობას უნდა ასხივებდეს“.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტს აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილს მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი ვადის ათვლა დაკავების დღიდან – 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს, რომელთა განაჩენმაც შეიძლება ექს-პრეზიდენტის პატიმრობის ვადის გაზრდაზე იმოქმედოს.
რატომ არ შეიწყალებს ზურაბიშვილი სააკაშვილს - პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა>>
განაჩენის მიხედვით, სააკაშვილს ეკრძალება რამე სახის სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. გარდა ამისა, კანონის მიხედვით, მას არ შეუძლია სათავეში ჩაუდგეს მის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, ოპოზიციურ პარტიაში არ მალავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის და „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი ფსონი სააკაშვილის თემა იქნება.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, რომ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინონ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის როლი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში უზარმაზარი იქნება. ხაბეიშვილის განცხადებაზე კომენტარისას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობას არასერიოზულად უყურებენ.
სააკაშვილი შესაძლოა საქართველოს პრემიერი გახდეს? ექს-პრეზიდენტის დედის პასუხი>>
სააკაშვილის დაბრუნებამ და მისმა დაპატიმრებამ 2021 წელს „ნაცმოძრაობას" მისცა საშუალება, რომ არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგები ეჩვენებინა 2012 წლის შემდეგ. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
დაკავების დღიდან სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენ დროს ის კლინიკებში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისიდან დღემდე ის კლინიკა „ვივამედშია".