საშუალო ხელფასი საქართველოში: ბოლო მონაცემები

ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2023 წლის პირველ კვარტალში 2026 ლარი შეადგინა
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში დაქირავებული თანამშრომლების საშუალო ნომინალურმა თვიურმა ხელფასმა 1716,6 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,7%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ბიზნეს სექტორში 2023 წლის იანვარ-მარტში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1759,1 ლარი შეადგინა, რაც 18,9%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით გაიზარდა და 1643,2 ლარს გაუტოლდა.
ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება >>
„საქსტატის“ ინფორმაციით, ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი თბილისში ფიქსირდება, სადაც მან 2023 წლის პირველ კვარტალში 2026 ლარი შეადგინა, ყველაზე მცირე - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (912,7 ლარი).
ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2023 წლის პირველ კვარტალში საქმიანობის ტიპის მიხედვით:
1.
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 3761,1 ლარი (+23,8%).
2.
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631,3 ლარი (წლიური ზრდა 55,2%).
3.
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 2386,8 ლარი (+21,6%).
4.
მშენებლობა – 2145,5 ლარი (+14,7%).
ამასთან, ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2023 წლის პირველ კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალური ხელფასი 2053,4 ლარი იყო, ხოლო ქალების - 1375,7 ლარი.