თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი კოჯორში სამედიცინო-გამაჯანსაღებელ კურორტ „ბიოლში" გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.
გუბერნატორის ვიზიტი საქართველოში 16 ივნისს დაიწყო. ის საქართველოს პრემიერს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზადყოფნა.
საუბარი შეეხო არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დახმარება მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა აფასებს აშშ-სა და საქართველოს სამაგალითო თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მზადყოფნის, თავდაცვის შესაძლებლობების, მდგრადობისა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯიის შტატის გუბერნატორს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში რაიან ჰარისი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია