თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბოლნისში დღეს 17 საათზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები.
დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო - ეს არის ღვინო, რომელიც იწარმოება ყურძნიდან, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ რეგიონში მოჰყავთ. ასეთი ღვინის ხარისხის კონტროლი მოიცავს მოსავლიანობის, ვენახების გაშენების ადგილების, ჯიშების და ღვინის დაყენების მეთოდების აღრიცხვას.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე მეღვინეობა, რომელიც სტუმრებს საკუთარ ნაწარმს წარუდგენს.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მონაწილე ღვინოებს შორის კონკურსი და გამოვლინდება 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს სიგელის მფლობელი ღვინოები. ღვინის ფესტივალს დაესწრებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეული სომელიე-ბაიერები, ღვინის მწერლები და ღვინის ექსპერტები.
ფესტივალი ქალაქის გერმანულ უბანში გაიმართება. ბოლნისმა თავისი ისტორიული სახელი 1943 წელს დაიბრუნა.
1818 წლიდან 1921 წლამდე ქალაქს ერქვა კატერინენფელდი, ხოლო 1921 წლიდან 1943 წლამდე - ლუქსემბურგი. კატერინენფელდი გერმანელი კოლონისტებმა დააარსეს და იქ დღემდე არის შემორჩენილი იმდროინდელი შენობა-ნაგებობები.
ფესტივალის ფარგლებში ქალაქის ძველ გერმანულ უბანში გაიხსნება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე იქნება.
ფესტივალი დაიხურება ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ „33ა“-ს კონცერტით.