თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. 17 ივნისიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპატამენტი ავრცელებს.
რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-თან განვითარებული მეწყრული პროცესების გამო პირველად 30 მარტს აიკრძალა. ავტომაგისტრალზე ავტომობილების მოძრაობა 10 აპრილს აღდგა სპეციალური რეჟიმით – დღისით სამგზავრო ტრანსპორტისა და მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო ღამით – სატვირთო მანქანებისთვის.
„ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებული იქნება ორმხრივად 23:00 საათიდან 05:00 საათამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. რიკოთის ალტერნატიულ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
რიკოთის უღელტეხილი
რიკოთის საგზაო მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E-60) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. ამ მონაკვეთის დასრულება მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისათვის რიკოთის პროექტი 73%-ით არის რეალიზებული. უკვე გაჭრილია 41 გვირაბი, აშენებულია 63 ხიდი. პროექტის ძირითადი მონაკვეთების დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან სრულდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.