თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოს ბოლომდე 600 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს მოაწყობენ, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს–სამსახური.
ავტოსადგომის გაფართოებისთვის ქუთაისის აეროპორტში, რომელიც ამჟამად 140 ავტომობილს იტევს, 3,5 მლნ ლარი გამოიყოფა. ყველა ხარჯს გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.
შესაბამისი ხელშეკრულება 20 ათასი კვ.მ. ფართობის პარკირების მოწყობისთვის გაერთიანებამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯიარჯისთან“ გააფორმა.
არსებული კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე დაპროექტდება და მოეწყობა ახალი პარკინგი, რაც მოიცავს პარკინგების, საავტომობილო გზების და საფეხმავლო ბილიკების დაპროექტება–მოწყობას.
გარდა ამისა, გათვალისწინებულია სანიაღვრე კანალიზაციის დაპროექტება და მშენებლობა, ელექტრო–სანათი ბოძების მონტაჟი, საჭირო ელექტროქსელის დაპროექტება–მშენებლობა და დეკორატიული ღობის (არსებულის ანალოგიური) მოწყობა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მგზავრებს წინასწარ ბოდიშს უხდის რემონტის დროს დისკომფორტისთვის. პარკინგის გაფართოების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი თანამედროვე ავტოსადგომი ექნება.