მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის შენელებას პროგნოზირებს

გლობალურ ჭრილში მსოფლიო ბანკი მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 3,1%-დან 2,1%-მდე შემცირებას პროგნოზირებს.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოში ოთხ თვეში 7,3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უახლოეს მომავალში მისი ზრდის ტემპის შემცირებას ელოდება, ნათქვამია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის აპრილში მშპ-ის ზრდამ 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5%, ხოლო მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ–აპრილში – 7,3% შეადგინა.

„ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებულია სერვისებზე გაწეული ხარჯებით, მაშინ, როცა სამრეწველო საქმიანობაში შეიმჩნევა კლება. მომავალში მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4,4%-მდე შენელდება, რაც ასახავს საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შენელებას, სანამ იგი 5%-მდე არ დასტაბილურდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან აღნიშნულია, რომ დაბალი ინფლაციის დონე, რომელმაც დაბალი საერთაშორისო ფასების და ლარის გამყარების გამო მაისში 1,5%-ს მიაღწია, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში დარჩება მიზნობრივი 3%-ის ქვემოთ.
პრემიერი: მშვიდობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის გარანტიაა>>>
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებული რისკები დაბალანსებულია, ერთი მხრივ იმით, რომ ფულადი სახსრების შემოდინების ცვლილებამ, გლობალური პირობების გამკაცრებასთან ერთად, შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ლარის კურსზე და პოტენციურად მაკროფინანსურ სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი დონის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ფულადი სახსრების შემოდინება შეიძლება გაგრძელდეს უფრო დიდხანს და საქართველო მიიღებს შემოსავალს სავაჭრო კავშირებისა და სატრანსპორტო დერეფნების განახლებიდან.
ამასთან, გლობალურ ჭრილში მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირებას 3,1%-დან 2,1%-მდე, ხოლო განვითარებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებში – 4,1%-დან 2,9%-მდე.
პროგნოზის თანახმად, წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მოსალოდნელია, რომ ზრდა 2,6%-დან 0,7%-მდე შემცირდება. მათთვის გადამწყვეტი იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ენერგორესურსებზე ფასების ზრდა.