თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, თითქოსდა ანტირუსულ განწყობებზე დაყრდნობით პროვოკაციებს აწყობს და ამავდროულად რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს, განაცხადა მმართველი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ასე გამოეხმაურა კობახიძე 14 ივნისს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც პარლამენტის სხდომაზე მოწვეულმა შშმ ბავშვის დედამ აივნიდან რუბლის კუპიურები გადმოყარა და დაიწყო ყვირილი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს. ოპოზიციის ზოგიერთი დეპუტატი ამას ოვაციებით შეხვდა. ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება მმართველი პარტიის დეპუტატებთან, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
„როცა ელენე ხოშტარია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რუსულ რუბლებს, პროვოკაციას უწყობს კონკრეტულ ჯგუფს, ეს არის ორმაგი სტანდარტი, არაეთიკური ქმედება“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უნდა დაისვას კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ იღებს ელენე ხოშტარია ფულს რუსული ბიუჯეტიდან და თან აწყობს პროვოკაციას, ვითომდა ანტირუსული განწყობების მოტივით.
ივნისის დასაწყისში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთიდან ფულის გადმორიცხვის შესახებ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრების ანგარიშებზე, რომელიც საკუთარ თავს პროდასავლურ ოპოზიციად წარმოაჩენს და გამუდმებით იმეორებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთზე მუშაობს. მხოლოდ მიმდინარე წლის 22 მაისს გადმოირიცხა 2,5 მილიონ რუბლზე მეტი თანხა. 2021 წლიდან ხოშტარიას ოჯახმა ჯამში 5,2 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.
რუსულ რუბლებთან დაკავშირებული პერფორმანსები ხოშტარიას კომპლექსებზეა აგებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ხოშტარიას რუბლების თემა რომ აწუხებს, სხვებს აყრის რუბლებს, ოღონდ სხვისი ხელით. იკრიბებიან იმ ადამიანის რესტორანში და იქ იდგმება ეს უნიჭო სცენარები", – განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ არსებული ინფორმაციით, რუსულ რუბლებთან დაკავშირებულ ინციდენტებში ხოშტარია ფიგურირებს.
მანამდე, 10 ივნისს რუსულ რუბლებთან დაკავშირებული ინციდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხდა. ირაკლი კობახიძე ლექციის წაკითხვის შემდეგ კიბეებზე ჩადიოდა და ამ დროს მას ზემოდან რუსული კუპიურები დააყარეს. პოლიტიკოსის თქმით, ამის უკან ოპოზიციურ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა დგას.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ტელეარხი „ფორმულა" ერთ-ერთია იმ სამი მთავარი ოპოზიციური ტელევიზიიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ხელისუფლებას და მმართველ პარტიას პრორუსული კურსის გატარებაში ადანაშაულებს.
ხოშტარია და რუსეთი
ჯერ კიდევ გასულ წელს ხოშტარიამ დაადასტურა ინფორმაცია რუსეთიდან გადარიცხვების შესახებ და განაცხადა, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის, ცნობილი თეატრის მხატვრის მემკვიდრე, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიინსკის თეატრში და რომლის მიერ გაფორმებული სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი გაფორმებული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. ოპოზიციონერის თქმით, რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ კი ურთიერთობა გაწყვეტილი აქვს.
ელენე ხოშტარია ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია საქართველოში. არის МГИМО-ს (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი) კურსდამთავრებული, რაც მას ხელს არ უშლის იყოს იმ ქართველი პოლიტიკოსების რიცხვში, რომლებიც რუსეთის მიმართ განსაკუთრებით ხისტად არიან განწყობილი. სწორედ ხოშტარია ჩაუდგა სათავეში 2019 წლის ზაფხულში პარლამენტის დარბაზიდან რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გაძევების კამპანიას.
ხოშტარია იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრი, ხოლო 2021 წლის მარტში დააფუძნა თავისი პოლიტიკური მოძრაობა „დროა“.
ხოშტარია პარლამენტში 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა, განხეთქილების შემდეგ კი შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებულ „ევროპულ საქართველოს“.
ხოშტარიამ 2017 წელს თბილისის მერობაზეც იყარა კენჭი, მაგრამ მეხუთე ადგილი დაიკავა.
ხოშტარია პარლამენტში 2020 წელს „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა, მაგრამ 2022 წლის თებერვალში, პლენარული სხდომების სისტემატური გაცდენების გამო, მანდატი ჩამოერთვა.