თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რთული და ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ვერ დაეხმარება ახალგაზრდულ ნაკრებს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 21 ივნისს დაიწყება.
კვარაცხელია მოხვდა ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, რომელიც ივნისის დასაწყისში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წარადგინა. ამავე დროს ფეხბურთელს ძირითადი ნაკრების შემადგენლობაში ელოდება 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ტურის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი - 17 ივნისს კვიპროსის და 20 ივნისს - შოტლანდიის წინააღმდეგ.
„სურვილის მიუხედავად, რთული სეზონის შემდეგ სპორტული მიზეზების გამო, 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეც თქვენთან ერთად, ჩვენი ნაკრების რიგითი გულშემატკივარი ვიქნები. ახლა სრულად კონცენტრირებული ვარ იმ თამაშებზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება“, - დაწერა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში.
კვარაცხელიამ თანაგუნდელებს, ნაკრებს და სამწვრთნელო შტაბს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დიდი წარმატება უსურვა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პირველ ტურში 21 ივნისს პორტუგალიას შეხვდება, 24 ივნისს – ბელგიას. 27 ივნისს სვანაძის გუნდი ნიდერლანდს დაუპირისპირდება. ყველა მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება 10 ივნისს დაიწყო.
ევროპის 21 წლამდელთა ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მატჩები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. 8 ივლისს „ბათუმი არენა“ ევროპის ჩემპიონატის საფინალო მატჩს უმასპინძლებს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, 2022/2023 სეზონზე „ნაპოლის“ შემადგენლობაში სულ 43 მატჩი ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატი მოიგო, მის ანგარიშზეა 14 გოლი და 17 საგოლე გადაცემა. წლის შედეგების მიხედვით კვარა სერია А-ს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, ის ასევე დასახელდა უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. გარდა ამისა, კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის „საუკეთესო ასისტენტის" სტატუსი მიიღო, როგორც მოთამაშემ, რომელმაც ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა - 10.