ლუკაშევიჩი: რუსეთი და ბელარუსი არ დაუშვებენ, რომ ესტონეთი ეუთოს თავმჯდომარე გახდეს

Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ესტონეთი ჯერ კიდევ არ არის მზად, უარი თქვას ეუთოს თავმჯდომარეობაზე, მაგრამ რუსეთი და ბელარუსი არ დაუშვებენ მას ამ პოსტზე, განაცხადა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ეუთოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

„დღეს ყველა თავისაზე დგას. ჩვენ და ბელარუსმა კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ არ დავუშვებთ ესტონეთის კანდიდატურას. საჭიროა სხვა ვარიანტების ძებნა, და ეს ლოგიკურია. ევროკავშირი და მათი „ამყოლები“ კი ამტკიცებენ, რომ თავმჯდომარე მხოლოდ ესტონეთი უნდა იყოს“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

ამასთან ლუკაშევიჩი ირწმუნება, რომ ესტონეთს თავისი კანდიდატურა ოფიციალურად არ წარუდგენია, როგორც ამას ორგანიზაციის წესები მოითხოვს.
„არ ყოფილა [ესტონეთის] პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა ყველა წევრი სახელმწიფოსადმი. იყო მხოლოდ საუბრები. მათი მუდმივი წარმომადგენელი რამდენჯერმე გამოვიდა სიტყვით, ქვეყნის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ეუთოს წევრ ქვეყნებს ფორმალიზებული განაცხადი არ მიუღიათ“, — განმარტა ლუკაშევიჩმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის წევრები დაჟინებით ცდილობენ გაიყვანონ ესტონეთი ეუთოს თავმჯდომარედ, როგორც ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სამყაროს ნაწილი, და არა როგორც სუვერენული სახელმწიფო, რაც „ცუდ პრეცედენტს ქმნის“.
ლუკაშევიჩი ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაცია პირველად აღმოჩნდა „ესოდენ რთულ სიტუაციაში“. მისი თქმით, ეუთოს სურს დასავლეთის დედაქალაქებში დაწერილი სცენარით შექმნილი წესრიგი დაამკვიდროს, რაც მოსკოვსა და მინსკს არ აწყობთ, ვინაიდან ორგანიზაციაში არსებობს ყველა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესები, რაც არის კიდეც „ცხოვრების წიგნი“.
მანამდე რუსეთმა და ბელარუსმა უარი თქვეს 2024 წელს ეუთოს თავმჯდომარედ ესტონეთის დამტკიცებაზე.