მსოფლიო დღეს

ყოფილი სატრფო სხვასთან ერთად რომ არ გაფრენილიყო: სტიუარდესა დაპატიმრებულია

Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ბორტგამცილებელი ქალი, რომელმაც თვითმფრინავში ბომბების არსებობა მხოლოდ იმისთვის გამოიგონა, რომ მისი ყოფილი შეყვარებული მაიამიში ვერ გაფრენილიყო, იუწყება მასმედია
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არგენტინელ დანიელა კარბონეზე, რომელიც შეყვარებულმა სხვა ქალის გულისთვის მიატოვა და ახლა სწორედ მასთან ერთად აპირებდა მაიამიში გამგზავრებას.
როგორც გაირკვა, დანიელამ თავისი ქალიშვილის ტელეფონიდან დაურეკა თვითმფრინავის პილოტს და სპეციალური პროგრამით შეცვლილი ხმით აცნობა, რომ ბორტზე სამი ბომბი იყო დამალული. ბომბები თვითმფრინავის აფრენის შემთხვევაში აფეთქდებოდა და ხომალდს ნაწილებად დაშლიდა.
იმისათვის, რომ პილოტს მისი მოთხოვნა შეესრულებინა, დანიელამ მუქარით აცნობა, რომ იცოდა, სად სწავლობდნენ მისი შვილები.
შედეგად, რეისი გადაიდო, ხოლო 270 მგზავრი ხომალდიდან ჩამოსვეს. ავიაკომპანიას ამით დაახლოებით მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.
პოლიციამ დანიელა კარბონე იმავე დღეს დააკავა ბუენოს-აირესის აეროპორტში. თუ მისი ბრალი დადასტურდება, ქალს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
აღინიშნება, რომ დანიელას ყოფილი შეყვარებული პიჩო და მისი ახალი სატრფო კლარინი იგივე ავიაკომპანიის ბორტგამცილებლები არიან. როგორც თანამშრომლებმა განუცხადეს გამოცემას, დანიელა და პიჩო ხუთი წელი იყვნენ ერთად, თუმცა შემდეგ კაცმა ის უფრო ახალგაზრდა სტიუარდესას გულისთვის მიატოვა, რაც გახდა კიდეც მისი გამოხდომის მიზეზი.