თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. მარცვლეულის შეთანხმება, რომელსაც ვადა 18 ივლისს ეწურება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახანგრძლივდება, თუ რუსეთის მოთხოვნები შესრულდება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, 2022 წლის 22 ივლისს ხელმოწერილი „სტამბულის პაკეტი“ დღემდე მხოლოდ უკრაინული სურსათის ექსპორტის კუთხით ხორციელდება, ხოლო რუსეთი–გაეროს მემორანდუმი, რომლის მიზანიც რუსულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და სასუქებზე დასავლური „ცალმხრივი უკანონო სანქციების“ რეალური მოხსნაა, ისევ არ სრულდება.
„იძულებული ვარ კიდევ ერთხელ განვაცხადო: თუ სტამბულის პაკეტი 17 ივლისამდე არ ამუშავდება, როგორც ამას გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივა ითვალისწინებს, მაშინ [მარცვლეულის გარიგების] რაიმე შემდგომ გახანგრძლივებაზე საუბარი აღარ იქნება", — თქვა ლავროვმა.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
მარცვლეულის ინიციატივა შეთანხმების მთავარი ნაწილია. მეორე ნაწილია რუსეთი–გაეროს მემორანდუმი, რომელიც სამ წელზეა გათვლილი და ითვალისწინებს: რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს.
2023 წლის 18 მაისს რუსეთმა ხელშეკრულება 60 დღით — 17 ივლისამდე გაახანგრძლივა.