თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ მონტაჟი და „ფეიკი“ უწოდა გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს – საუბარია მის სატელეფონო საუბრებზე რუს ტელეწამყვან ვლადიმირ პოზნერთან და ბიზნესმენ მარკ ზილბერტკვიტთან.
აუდიოჩანაწერი YouТube-ზე 14 ივნისს აიტვირთა და 2021 წლის აპრილით არის დათარიღებული, როდესაც პოზნერმა ოპოზიციის მიერ აგორებული სკანდალის შემდეგ საქართველო დატოვა. აუდიოჩანაწერში აბაშიძე თანამოსაუბრეებთან სიტუაციას განიხილავს და აქციის მონაწილეებს „მახინჯებს“ უწოდებს.
„საუბარი არის დაჩეხილი, „ფეიკი”. ორი წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაამონტაჟო ისე, როგორც გინდა”, – განაცხადა აბაშიძემ.
ცნობილ რუს ტელეწამყვანს ვლადიმირ პოზნერს, რომელსაც 1 აპრილს დაბადების დღე საქართველოში ფეშენებელურ რესტორანში 50-მდე ჩამოსულ სტუმართან ერთად უნდა აღენიშნა, საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელი იყო მისი წლების წინ ნათქვამი აფხაზეთის შესახებ, ასევე ისინი აღშფოთდნენ კოვიდ-რეგულაციების დარღვევის გამო, რადგან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებდა (21:00-დან 05:00 საათამდე) და აკრძალული იყო 10 კაცზე მეტის შეკრება.
პოზნერის დაბადების დღის ვახშამი თბილისში ჩაიშალა, რუსი ტელეწამყვანი იძულებული გახდა ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დაეტოვებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზნერის თბილისში გადახდილი რიგით მესამე დაბადების დღე იყო, ასეთი „მიღება“ რუს ჟურნალისტს პირველად მოუწყვეს.