ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება - ცნობილი გახდა გამოცდების განრიგი

გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების დეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის კი 10 ათასზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირდა. მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე კი 2,5 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.
სკოლადამთავრებულთა საყურადღებოდ: გამოცხადდა როდის დაიწყება ატესტატების გაცემა>>
უწყების ცნობით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეუძლიათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
უწყების ცნობით, წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.