ლევან იოსელიანი: გაფიცულები მზად არიან წავიდნენ დათმობაზე

ჭიათურაში მაღაროელები ხელფასების ზრდის და ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნების მოთხოვნით გაიფიცნენ.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრა გამართა, იუწყება „რუსთავი 2".
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მეათე დღეა იმართება. 13 ივნისს ცხრა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცვის მიზეზი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.

„სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც ჭიათურაში მიმდინარეობს, ვინაიდან დაკავშირებულია ძირითად უფლებასთან – შრომის უფლებასთან. მათი მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ, რათა მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდეს. მათ ამის მოლოდინი აქვთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, გაფიცულები არ არიან განწყობილი რადიკალურად და მზად არიან წავიდნენ დათმობებზე.
„დანიშნულია სახელმწიფოს მიერ მედიატორიც, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, პოზიციები იყოს დაახლოებული, ხოლო შრომითი პირობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს", – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი პრობლემის გადაჭრაში პროტესტის პირველივე წუთებიდან არის ჩართული – ომბუდსმენის წარმომადგენელი ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.
გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებს შორისაა – არსებული სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ხელფასების გაზრდა. თავის მხრივ, კომპანია დაჟინებით მოითხოვს სამუშაოს ახალ გრაფიკზე გადასვლას და აღნიშნავს, რომ უცვლელი დარჩება დასაქმებულთა ხელფასი, დასვენების საათები და სამუშაო დრო.
მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში: რა დათმობაზე წავა კომპანია?>>>
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხის გადაწყვეტის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო, დაინიშნა მედიატორი.
მედიაციის პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევარში და შვიდ ღია კარიერზე.