სახალხო დამცველი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდება

იოსელიანმა ხელისუფლებას მოუწოდა, ამ საკითხში შუამდგომლის როლი შეასრულოს.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრას აპირებს, რომელთა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.
საპროტესტო აქცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ მეცხრე დღეა იმართება. მეშვიდე დღეს ცხრა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცვის მიზეზი გახდა მუშაობის ახალი გრაფიკი – ორცვლიანი 12-საათიანის ნაცვლად სამცვლიანი 8-საათიანი გრაფიკი. Georgian Manganese Holding-ის ხელმძღვანელობის თქმით, გადაწყვეტილება საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე მოთხოვნის შემცირებისა და დაბალი ფასების გამო მიიღეს.

„ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რათა მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები“, – განაცხადა იოსელიანმა ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი პრობლემის გადაჭრაში პროტესტის პირველივე წუთებიდან არის ჩართული. ომბუდსმენის წარმომადგენელი ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.
იოსელიანმა ხელისუფლებას მოუწოდა, ამ საკითხში შუამავლის როლი შეასრულოს.
„გუშინ ხელისუფლებას მოვუწოდე, მედიატორი ჩასულიყო, რადგან იქ მმართველი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მედიაციის პროცესი განახორციელოს“, – განაცხადა იოსელიანმა.
გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებს შორისაა – არსებული სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ხელფასების გაზრდა. თავის მხრივ, კომპანია დაჟინებით მოითხოვს სამუშაოს ახალ გრაფიკზე გადასვლას და აღნიშნავს, რომ უცვლელი დარჩება დასაქმებულთა ხელფასი, დასვენების საათები და სამუშაო დრო.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკითხის გადაწყვეტის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო, დაინიშნა მედიატორი.
ჭიათურაში ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო>>
მედიაციის პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
Georgian Manganese Holding – ქვეყანაში მანგანუმის მომპოვებელი უდიდესი კომპანიაა. ის ფლობს 11 შახტს და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას.
კომპანიის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005", კლინიკა „ფერომედი".
კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.