თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. სისტემური რეფორმები და გამჭვირვალობა საქართველოს ახლა ისე სჭირდება, როგორც არასოდეს, რათა ქვეყნის ახალი ტრაექტორია დაიხაზოს, დაწერა სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა. შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო პირობების შესრულების კუთხით.
„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრო. ისტორიულ ევროპულ პერსპექტივასთან ერთად თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რამდენიმე მომავალ თაობას საქართველოს ახალი ტრაექტორია დაუხაზოთ. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა საჭიროა, როგორც არასდროს. ქართველი ხალხისთვის“, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ში.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროპული მომავლის პერსონალური მხარდაჭერისთვის შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არის მტკიცე, როგორც არასდროს, და ჩვენ ვიმედოვნებთ, ევროპული საბჭო წელს მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“, – დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ში.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უფრო ადრე განაცხადა, საქართველომ ამ საკითხზე უკვე მოიპოვა ევროკავშირის ზოგიერთი ლიდერის მხარდაჭერა.