თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 80 ხმით მხარი დაუჭირა რატიფიკაციაზე წარმოდგენილ შეთანხმებას „საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვითი თანამშრომლობის შესახებ“.
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ განახლებულ შეთანხმებას აპრილში ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა.
თანამშრომლობა ორი ქვეყნის თავდაცვით უწყებებს შორის მოიცავს სამხედრო განათლებას, წვრთნებს, ლოგისტიკას, სამხედრო მედიცინას, სამხედრო კანონმდებლობას, თანამშრომლობას ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში, კიბერუსაფრთხოებას.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა, მათ შორის სამხედრო სფეროში.
2022 წლის ოქტომბერში ჩატარდა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციული ძალების ერთობლივი საველე ტაქტიკური წვრთნები „კავკასიის არწივი 2022“.