სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურმა ფორუმმა მუშაობა დაიწყო

Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპოფორუმში“ ტარდება, მუშაობა დაიწყო, იუწყება „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, კომპანიების სტენდების გარდა, ფორუმზე წარმოდგენილია რუსეთის რეგიონების სტენდები, მათ შორის, რეფერენდუმების შედეგად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ახლად შესული რეგიონების.
ფონდ „როსკონგრესის“ მონაცემებით, ფორუმში 130 ქვეყნისა და ტერიტორიის 17 ათასზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
ფორუმის ცენტრალური ღონისძიება ტრადიციულად პლენარული სხდომა იქნება. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ფორუმზე პრეზიდენტ პუტინის გამოსვლა დააანონსა.
ეკონომიკური ფორუმის მთავარი ბიზნეს-პროგრამა ხუთ თემატურ ბლოკადაა დაყოფილი: „მსოფლიო ეკონომიკა გლობალური გარდატეხის ეპოქაში", „რუსეთის ეკონომიკა: ადაპტაციიდან ზრდამდე", „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის მშენებლობა", „ხალხის დანაზოგი და ცხოვრების ხარისხი — მთავარი პრიორიტეტი", „შრომის ბაზარი: პასუხი ახალ გამოწვევებზე“.
გარდა ძირითადი ბიზნეს-პროგრამისა, ფორუმის ფარგლებში ტრადიციულად სხვა ღონისძიებებიც გაიმართება, მაგალითად, „საქმიანი ოცეულის“ რეგიონული საკონსულტაციო ფორუმი, ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი, „წამლის უსაფრთხოების“ ფორუმი და ა.შ.
ასევე დაგეგმილია ექვსი ორმხრივი ბიზნეს-ღონისძიება საქმიანი დიალოგის ფორმატში უცხოელ პარტნიორებთან — არაბული სამყაროდან, ლათინური ამერიკიდან, ASEAN-დან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
ამასთან, ფორუმის დაწყების დღეს, 14 ივნისს ამოქმედდება რუსული და უცხოური ბიზნესების დიალოგის ახალი ფორმატი — მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომლობის საერთაშორისო დღე.
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 17 ივნისამდე გასტანს.