თამარ გაბუნია: საქართველოში სუროგაცია ბიზნესად არ უნდა იქცეს

მნიშვნელოვანია, რომ სუროგაციისა და დონაციის შესახებ გადაწყვეტილება მხარეებმა უანგაროდ მიიღონ, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Sputnik
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. სუროგაცია არ უნდა იყოს კომერციული ინტერესის საგანი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით.
2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა გეგმავს ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუშვას. საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთან დაკავშირებითაც განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივნისს გააკეთა, პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება.

„ეს არ უნდა იყოს კომერციული ინტერესი. ბევრისთვის ეს არის შემოსავლის წყარო, რაც მიუღებელია“, – განაცხადა გაბუნიამ და დაამატა, რომ მინისტრის განკარგულებაში გაწერილი იქნება „შექმნილ უხერხულობასთან დაკავშირებული“ ხარჯები, ანუ კომპენსაციის სახით რა შეიძლება პირს აუნაზღაურდეს, რაც ნებადართულია ევროდირექტივით.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სიცოცხლე, რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს, დაცული იყოს როგორც მოქალაქეობრივი, ასევე ფიზიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით
გაბუნიას თქმით, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო უწყებას შესაძლებლობას მისცემს, არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. სფერო კი ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან იქნება შესაბამისობაში, რომელთა შესრულების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გააჩნია.
საქართველოში ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება>>>
ბოლო პერიოდში როგორც საქართველოში, ისე სხვა განვითარებულ ქვეყნებში, მედიცინის საშუალებით რეპროდუქციამ უშვილობის მკურნალობის პროცესში ახალი შესაძლებლობები შექმნა, ხაზგასმით აღნიშნა გაბუნიამ. თუმცა, ეს მეთოდი მოიცავს მრავალ ორგანიზაციულ და ეთიკურ საკითხს, რომელიც უნდა გადაიჭრას შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს საშუალებით, როგორც ეს ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„სწორედ ამიტომ მიგვაჩნია საჭიროდ, რომ საკითხი დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე, რათა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც არსებობს სფეროში და ყველაფერი იქნება ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში“, – დასძინა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკური ნაწილი, ის, რომ სუროგაციის და დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა უანგაროდ მიიღოს, აღნიშნა გაბუნიამ.
„ამავდროულად ყოველდღე ვხედავთ, როგორ ქვეყნდება სხვადასხვა სარეკლამო შეთავაზებები სოციალურ ქსელებში და ამას ეძახიან დასაქმებას. ეს არის სარისკო მოქმედებები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოში სუროგაციის პრაქტიკა არ იკრძალება, მაგრამ, გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ რეპროდუქციის ხარისხიანი პროცედურებით, რათა უფრო მეტი იყოს უსაფრთხოების გარანტიები და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობაც იმის შესახებ, თუ რა მომავალი ექნება ბავშვს.
ჯანდაცვის სამინისტრომ კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ" ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების დახმარებით მოამზადა.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.
მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა კი შეიძლება დადებითად აისახოს საქართველოს დემოგრაფიაზე. გარდა ამისა, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ საქართველოში იყო სუროგაციისა და დონაციის დაახლოებით ათასი შემთხვევა წელიწადში, ახლა კი 2 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.