პაპუაშვილი: სააკაშვილის საკითხზე რეზოლუციის გამო ევროდეპუტატებს ბოდიში არ მოუხდიათ

სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის მოქმედებები გულდასაწყვეტია, რადგანაც იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადონ საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მიღებული რეზოლუციის გამო, კვლავ იმეორებენ დეზინფორმაციას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა თებერვლის შუა რიცხვებში მიიღო რეზოლუცია, სადაც ლაპარაკია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და ხელისუფლების მხრიდან ამაზე არაადეკვატურ რეაქციაზე. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციას სამარცხვინო უწოდა.

„მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა მიხეილ სააკაშვილთან და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მქონდა მოლოდინი, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი იმ რეზოლუციებისთვის ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, სადაც პირდაპირ საქართველოს აბრალებდნენ, თითქოს ამ ქვეყანაში პატიმრის წამება, მისი უფლებების შელახვა და ა.შ. ხდება. მე იმედები გამიცრუვდა", – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე უარი უთხრა საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
„ნაცვლად იმისა, რომ დეზინფორმაციის გამო ქართველი ხალხისთვის ბოდიში მოეხადათ, ჩვენ დეზინფორმაციის გამეორება მოვისმინეთ. იმედგაცრუებას იწვევს ის, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი ასე გაჯიუტებულია საკუთარ შეცდომებში, ზოგიერთი ევროპარლამენტარი კი საკუთარ განზრახ ქმედებებში", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის გათავისუფლებას მიაღწიონ. მათი განცხადებით, დაავადებები, რომლებიც ექს-პრეზიდენტ აღენიშნება, მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს. სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
სააკაშვილის მდგომარეობა
2022 წლის მაისიდან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
2023 წლის აპრილის დასაწყისში სახალხო დამცველის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად მოწვეულმა ექიმებმა ბოლო გამოკვლევის შემდეგ განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა კვლავ უარესდება.
კობახიძე: სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის უფლებების დაცულობა დაადასტურა>>>
კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობას ხსნიან იმით, რომ ის არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს და იღებს მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებს, რაც წონის კლებას იწვევს.
სასამართლოზე ექს-პრეზიდენტის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. ადვოკატების თქმით, ეს დაავადებები მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
კომპლექსური სამედიცინო დასკვნა, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ადვოკატები, შედგენილია დიაგნოზების საფუძველზე, რომლებიც მათ შორის უცხოელმა ექიმებმა დასვეს. მათი თქმით, სააკაშვილი მძიმე ლითონებით არის მოწამლული.
3 თებერვალს სასამართლო სხდომაზე კლინიკის დირექტორი ნინო ნადირაძე წარდგა, რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
2023 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე გიორგი არევაძემ უფრო დამაჯერებლად მიიჩნია იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების არგუმენტები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენეს სააკაშვილის დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტების დიაგნოზები. 2 მარტს სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სააკაშვილი მიზანმიმართულად არ იღებს საკვებს და უარს ამბობს ექიმების დანიშნულების შესრულებაზე, რათა ხელოვნურად გაიუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მათი განცხადებით, სააკაშვილს ასეთი საქციელისკენ მისი გარემოცვა უბიძგებს.
სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში".