თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ქართველი რეჟისორი და ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე ანსიში (საფრანგეთი) მიმდინარე ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში შევიდა.
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1960 წელს დაარსდა და ამ პერიოდიდან მოყოლებული საფრანგეთის ქალაქ ანსიში ტარდება. იგი ანიმაციური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება.
ფესტივალზე იკრიბებიან გამოცდილი და დამწყები მულტიპლიკატორები მთელი მსოფლიოდან, რათა თავიანთი ნამუშევრები ჟიურისა და მაყურებლის წინაშე წარადგინონ.
„ყველაზე დიდი ანიმაციური ფესტივალის ჟიურიში ყოფნა დიდი სიამოვნება და პატივია!“ – დაწერა ანა ჩუბინიძემ სოციალურ ქსელში.
ანა ჩუბინიძე წარმატებული ქართველი რეჟისორია, რომლის ნამუშევრებმაც მსოფლიოს მრავალ ფესტივალზე მაღალი შეფასება მიიღეს – მის ერთ-ერთ ანიმაციურ ფილმს „ჯიბის კაცი“ 19 პრიზი აქვს მიღებული.