ლილოში მეზობლის მკვლელობა: ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბრალდებულმა 49 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. პოლიციამ ლილოში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 12 ივნისს 49 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს