საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა „ოცნების" ქმედებები დაგმო

გიორგი მსხილაძის თქმით, პრეზიდენტს აქვს უფლება წარმოადგინოს ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები პარლამენტში, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციით.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციაში, განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" გასულ კვირაში განაცხადა, რომ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც მან დაადო „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები ითვალისწინებს საბჭოს წევრების რაოდენობის დროებით გაზრდას, რადგან პრეზიდენტმა უარი თქვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე. დღეისათვის საბჭოში 9-ის ნაცვლად 7 წევრია.

„პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. აქ საგულისხმოა მხოლოდ ერთი რამ: როცა ვსაუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს იყოს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო, მას არ აქვს უფლება ჩაერიოს პრეზიდენტის და ეროვნული ბანკის კომპეტენციაში... ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული“, – განაცხადა მსხილაძემ.

საპარლამენტო მდივანმა განცხადება ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დეპუტატებმა განიხილეს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები.
მსხილაძის თქმით, პრეზიდენტს პარლამენტისთვის ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციით. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პოსტი დატოვა, ფაქტია, რომ უწყების საქმიანობას არანაირი პრობლემა არ შექმნია და ის აგრძელებს მუშაობას.
საკამათო კანონპროექტი: პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა>>>
ეროვნული ბანკის ბოლო პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2023 წლის მარტში ამოიწურა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს მხოლოდ საბჭოს წევრი, რომელსაც საბჭოს წევრები აირჩევენ და დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს.
მსხილაძის თქმით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატებს უახლოეს პერიოდში წარადგენს.
„ასე რომ, უახლოეს მომავალში წარვადგენთ ორ ახალ კანდიდატს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენზე იქნება დამოკიდებული, მათ მხარს დაუჭერთ თუ არა", – აღნიშნა მსხილაძემ.
რას ითვალისწინებს ცვლილებები?
საკამათო ცვლილებები ითვალისწინებს ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის დროებით გაზრდას 4-დან 5 ადამიანამდე (პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი) მხოლოდ 2023 წლის დეკემბრამდე, ანუ ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადამდე. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.
დროებითი ცვლილების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ ოთხი აღმასრულებელი იქნება.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეს არის ერთი პრეზიდენტი და სამი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, რომლებზეც ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, საუბარია პრეზიდენტზე, პირველ ვიცე-პრეზიდენტზე და ორ ვიცე-პრეზიდენტზე.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საბჭოს კიდევ ერთი წევრის დამტკიცება ხელს შეუწყობს ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევას.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების მიღებას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეწინააღმდეგება. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის განცხადებით, ცვლილებებმა შესაძლოა შეაფერხოს სავალუტო ფონდის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული პროგრესი საქართველოში და გამოიწვიოს ეკონომიკური გაურკვევლობის ზრდა.