ერევანი-ბათუმის მატარებელი მგზავრებს 14 ივნისიდან მოემსახურება

სამგზავრო მატარებელი ორ დღეში ერთხელ იმოძრავებს.
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მარშრუტით ერევანი–ბათუმი–ერევანი სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან დაიწყებს მოძრაობას, იუწყება კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა".
რამდენიმე დღის წინ ერევანში კომპანიის წარმომადგენლებმა „საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ბილეთები 10 ივნისიდან ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე სომხეთისა და საქართველოს მთავარი სადგურების სალაროებში. მატარებელი იმოძრავებს ორ დღეში ერთხელ. გარდა ამისა, ზაფხულის პერიოდში გაუქმდება ერევანი–თბილისი–ერევნის მარშრუტით მოძრავი მატარებელი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამას გარდა, მხარეებმა განიხილეს 2023 წლის 5 თვის განმავლობაში „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასა“ და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლობის შედეგები – საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლებში საკონტეინერო მატარებლების გაშვება, სატარიფო პოლიტიკის სრულყოფა, მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, ბილეთების გაყიდვის სისტემის განვითარება და ა.შ.
კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ 2022 წელს საქართველოს გავლით სარკინიგზო ტრანსპორტით სომხეთში 451 ათასი ტონა ტვირთია ექსპორტირებული, სომხეთიდან იმპორტირებული ტვირთის მოცულობამ კი 906 ათასი ტონა შეადგინა.