თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აკრძალავს ავტომობილების კატალიზატორების ექსპორტს, რომლებიც ამცირებენ ჰაერში მავნე გამონაბოლქვს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში ჰაერი საგრძნობლად დაბინძურდა. ამის მთავარი მიზეზი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების მავნე გამონაბოლქვია, აღნიშნა პრემიერმა.
„კატალიზატორების პრობლემა ერთგვარ ბიზნესად იქცა. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ გამოვცემთ ცალკე დადგენილებას და აიკრძალება ქვეყნიდან კატალიზატორების ექსპორტი, რადგანაც სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებიდან იღებენ კატალიზატორებს და შემდეგ უცხოეთში ჰყიდიან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერს იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილების შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს და უახლოეს მომავალში ქვეყანაში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება.
ავტომობილის კატალიზატორი სპეციალური ფილტრია, რომელიც გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას ამცირებს.