თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
წელს პირველად ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება – საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ესენი არიან: მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“.
30 ივნისს ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ შეხვდება, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ – ბათუმის „დინამოს“. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
სუპერთასის შეხვედრებში მასპინძლის სტატუსით საქართველოს ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ ისარგებლებენ. საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.
აქამდე საქართველოს ფეხბურთის სუპერთასისთვის ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი იბრძოდნენ. 2022 წელს სუპერთასის მფლობელი ბათუმის „დინამო“ გახდა.