თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ქართველი მებრძოლის ზურაბ მუშუქიას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ინფორმაცია ბახმუტთან ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ 7 ივნისს გავრცელდა. მედია იუწყებოდა, რომ მუშუქია დაბომბვას ემსხვერპლა და ის ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენებული ჯერ არ იყო.
„ბრძოლები მიდიოდა და რაღაც მომენტში ზურაბი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ. მთელი ამ ოთხი დღის განმავლობაში, სანამ მათ ვეძებდით, როგორც ჩანს, გავრცელდა ხმები მათი დაღუპვის შესახებ“, - განაცხადა „მთავარ არხთან" უკრაინაში ბატალიონ „ხორტის" მეთაურმა პაველ პატარაცკმა.
„ხორტის მეთაური" ხელმძღვანელობდა 11-საათიან სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ცხედრების და სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი 2 მებრძოლის, მათ შორის ზურაბ მუშუქიას გამოყვანა მოხერხდა.
ზურაბ მუშუქია უკვე დაუკავშირდა ტელეფონით ოჯახს საქართველოში, რომელიც მას უკვე გლოვობდა.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.