თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. დღეს საქართველოში არ არსებობს ძლიერი ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. როგორც მოსალოდნელია, ყველაზე ძლიერი დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის წარიმართება. ამასობაში ექსპერტები მესამე ალტერნატიული ძალის საჭიროებაზე საუბრობენ, რომელიც ნეიტრალურ ამომრჩეველს მოიზიდავს.
„ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ იკვეთებიან ასეთი პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული როლი შეასრულონ შემდეგ არჩევნებზე, თუმცა, წელიწად ნახევარი წინ არის და იმედია, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი ძალის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის შემცირება გრძელდება.
„ვფიქრობ, რომ საკმაოდ რეალურია იმის შანსი, „ნაცმოძრაობა“ (მისი რეიტინგი - რედ.) ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოცდეს, ანუ 10%-ზე ქვემოთაც შეიძლება ჩამოვიდეს მათი მხარდაჭერა, თუ ასე მოხდება, ეს იქნება ძალიან კარგი. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მმართველი ძალის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იგულისხმება როგორც მამუკა ხაზარაძის „ლელო“, ასევე ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, ასევე სხვა აქტიური ოპოზიციური პარტიები - „გირჩი“, „ევროპული საქართველო“ და ა.შ.
ორმა ოპოზიციურმა პარტიამ კი უკვე დაიწყო საუბარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიციის შექმნაზე.
პარტია „ლელო“ მზად არის გახდეს წამყვანი პარტია პროევროპული ძალების კოალიციაში, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და ლევან ბეჟაშვილმა განაცხადეს, რომ პარტია მზად არის ითანამშრომლოს მცირე პოლიტიკურ ძალებთან.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.