ვითარება გელათის მონასტრის ირგვლივ - ადგილზე უცხოელი არქეოლოგები და გეოფიზიკოსები მუშაობენ

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას არქეოლოგები და გეოფიზიკოსები შეისწავლიან, რათა დაიწყონ გათხრები და სხვა აუცილებელი სამუშაოები თანამედროვე გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით, იუწყება „პირველი არხი".
ტაძარში არსებული კედლის მხატვრობა სახურავიდან წვიმის წყლის არაერთხელ გაჟონვის გამო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. გელათის რეაბილიტაციას საქართველოს საპატრიარქო 2023 წლის აპრილში შეუდგა. მანამდე ეს საქმე კულტურის სამინისტროს ჰქონდა დავალებული.

„ივლისის შუა რიცხვებში ჩვენ გვექნება გაფართოებული შეხვედრა, სადაც იქნებიან როგორც საქართველოს სამეცნიერო საბჭოს წარმომადგენლები, ისე ჩვენი სამეცნიერო საბჭოს წევრები. ეს შეხვედრა ჩატარდება გელათში და მას შემდეგ ჩვენ გვექნება მოქმედების კიდევ უფრო დეტალური გეგმა", – განაცხადა დროებითი კომიტეტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ.

ადგილზე ასევე მივიდნენ გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლები და პროფესორი მიუნხენის უნივერსიტეტიდან. არქეოლოგიისა და გეოფიზიკის დარგის სპეციალისტები ტერიტორიას შეისწავლიან და შექმნიან საფუძველს – თანამედროვე გეოფიზიკური მეთოდების გამოყენებით დაიწყოს გათხრები და სხვა საჭირო სამუშაოები.
„საუბარია არა მხოლოდ ფრესკების გადარჩენაზე, არამედ მთლიანად გელათის განვითარებაზე", – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ივლისში გელათში ასევე ჩავლენ რესტავრაციის მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები — სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე, რომლებიც არსებულ ვითარებას შეისწავლიან. ისინი ფრესკების შენარჩუნების თაობაზე პირველ რეკომენდაციებს გასცემენ.
საპატრიარქომ უკვე გამართა მოლაპარაკებები გერმანული კომპანია Layer-თან, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიო ლიდერია მსგავსი სამუშაოების შესრულების მიმართულებით. ტაძარი უახლოეს მომავალში სპეციალური სახურავით გადაიხურება.
გელათის მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ>>
უფრო ადრე საპატრიარქოში განაცხადეს, რომ ტაძარში მძიმე ვითარებაა, თუმცა მათ უკეთესის იმედი აქვთ, რადგან უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან მოწვეული.
სამონასტრო კომპლექსს ივნისის დასაწყისში იტალიელი ინჟინრები ეწვივნენ.
მანამდე გელათის აღდგენის სამუშაოებს საქართველოს კულტურის სამინისტრო აწარმოებდა. იუნესკომ დადებითად შეაფასა კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს გელათის პრობლეებზე სამუშაო ჯგუფის შექმნა და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა, თუმცა საპატრიარქო და სპეციალისტები რესტავრაციის სამუშაოებით უკმაყოფილო დარჩნენ.
საპატრიარქოში განაცხადეს, რომ პრობლემები 2015-2019 წლებში უხარისხოდ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო.
გელათის პრობლემები
ტაძრის დასავლეთ მკლავის და სამლოცველოს გადახურვა არასწორი მეთოდით და უხარისხო მასალებით მოხდა, რის გამოც სახურავიდან წყალმა იწყო დენა. 2021 წლისთვის ტაძარში კედლის მხატვრობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილიც დააზიანა და წყალმა ისევ დააზიანა ფრესკები.
სიტუაცია გელათის მონასტერში: რა ეტაპზეა სამუშაოები>>
დროებითი გადახურვის სამუშაოებს და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებს სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა.
ამ სამუშაოების შემდეგ სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.