მკვლელობა ხაშურში - დანაშაულის მოწმე თვე-ნახევრის შემდეგ დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ხაშურში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საუბარია ხაშურის რაიონის სოფელ ალში 2023 წლის 24 აპრილს მომხდარ მკვლელობაზე. მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პოლიციამ „ცხელ კვალზე“ დააკავა, მას გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
მომხდარი ფაქტიდან თვე-ნახევრის შემდეგ კი გამოძიებამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე სხვა პირიც იმყოფებოდა – მკვლელობაში ბრალდებულის ნაცნობი, რომელმაც პოლიციას მომხდარი დანაშაული არ შეატყობინა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სამიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.