ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეოთხე თვითმფრინავს დაამატებს

კომპანია WizzAir ბაზირებულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მოგზაურთა შორის პოპულარობით სარგებლობს.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი WizzAir ქუთაისში თავის ბაზას გააფართოვებს და 2023 წლის 1 დეკემბრიდან მეოთხე თვითმფრინავს დაამატებს, განაცხადეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
გარდა ამისა, WizzAir 1 დეკემბრიდან რეგულარულ რეისებს გეგმავს კოპენჰაგენის მიმართულებით.
ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.
ავიაკომპანია WizzAir ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
ქუთაისის აეროპორტს ახალი მიმართულებები დაემატა>>
WizzAir ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. თუმცა 2021 წლის 1 თებერვლიდან კომპანიამ ავიამიმოსვლა განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.
ამ დროისათვის ეს ავიაკომპანია პირველია საქართველოში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. 2022 წელს WizzAir-მა 630 ათასი მგზავრი გადაიყვანა.