თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მაიამიში მიმდინარე უძრავი ქონების პრესტიჟულ კონკურსზე FIABCI Prix d'Exellence Awards 2023 ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო მიიღო, ნათქვამია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მაიამიში (აშშ) 5-9 ივნისს იმართება უძრავი ქონების რიგით 73-ე მსოფლიო კონგრესი FIABCI და პრემია FIABCI World Awards.
„ჯილდო, რომელიც მაიამიში, FIABCI უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესზე მივიღე, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მადლობა მსოფლიო კონგრესს ამ უმაღლესი ჯილდოსთვის, რომელიც ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადმომცა“, – დაწერა რიჟვაძემ სოციალურ ქსელში.
წელს ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის სფეროში FIABCI Prix d'Exellence Awards 2023-ის კონკურსზე საერთაშორისო პრემიაზე იყო ნომინირებული. სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულ პროექტებს 8 ივნისს დაასახელებენ.
2022 წლის ოქტომბერში ბათუმის სტადიონი მსოფლიო კონკურსის FIABCI-Georgia Prix d'Exellence Awards ეროვნული ეტაპის გამარჯვებული გახდა. კონკურსი 1992 წლიდან იმართება.
FIABCI – უძრავი ქონების სფეროში მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ამ დღეებში მაიამიში FIABCI-ს უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი იმართება, რომელშიც აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
ბათუმის ახალ სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა. ის თურქულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Bahadir Kul Architects დააპროექტა. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის აშენებაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა.