საქართველომ დაავადება „თურქულის" საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო

„თურქულთან" ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნადაა აღიარებული.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევროკომისიისგან საჩუქრად დაავადება „თურქულის" საწინააღმდეგო 345 ათასი დოზა ვაქცინა გადაეცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ვაქცინებით დაავადების რისკის ზონებში ცხოველებს პროფილაქტიკური აცრები ჩაუტარდება „თურქულის“ ახალი შტამის (SAT-2) საწინააღმდეგოდ, რომელიც გავრცელებულია რეგიონში, მაგრამ საქართველოში არ ფიქსირდება.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ცალსახად აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის როლი მთლიანად ევროპის რეგიონში კეთილსაიმედო ვითარების უზრუნველყოფაში. ვაქცინები „ცივი ჯაჭვის" დაცვის პრინციპით გადანაწილდა; ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს", – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.

„თურქულთან" ბრძოლაში საქართველო აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომელმაც რეგიონში პირველმა მიიღო PCP-ს მესამე საფეხური, რაც ქვეყანას დაავადების მიმართ „თავისუფალი“ სტატუსის მიღებასთან აახლოებს. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მეოთხე, ბოლო საფეხურზე გადასასვლელად, რაც ვაქცინაციის მეშვეობით ამ სტატუსის მიღწევას გულისხმობს, აღნიშნეს სააგენტოში.
სამცხე-ჯავახეთში პირუტყვს ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგოდ ამუშავებენ>>
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო „თურქულის" საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ აცრას აკეთებს.
„თურქული" ცხოველების (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა და სხვ.) მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება. დაავადება უდიდეს ზიანს აყენებს როგორც მთლიანად მესაქონლეობის მიმართულებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. „თურქულით" ადამიანი არ ავადდება.