თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, მაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 126.864 მგზავრმა ისარგებლა. 2019 წლის მაისში კი მათი რაოდენობა 64.745-ს შეადგენდა.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც.
პანდემიამდე, 2019 წლის მაისში 210 რეისი შესრულდა. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი რეისების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა – ქუთაისის აეროპორტი 378 რეისს მოემსახურა.
პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით სტაბილური ზრდაა ხუთი თვის ჭრილშიც.
ამ წლის იანვარი-მაისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 502.323 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ამავე პერიოდს 74%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ხუთ თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1.591 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 66%-ით მეტია.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ 2023 წლის 1 ივნისიდან ავიაკომპანია WIZZAIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარულ რეისებს ასრულებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმათი–ქუთაისი–ალმათის მიმართულება დაამატა.
ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 17 ქვეყნის 34 მიმართულებით სრულდება.