თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ახალი პოლიტიკური ჯგუფის – „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციას მხარი დაუჭირა.
ახალი პოლიტიკური ჯგუფი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ დააფუძნეს. მანამდე პარლამენტმა დაჩქარებული წესით რეგლამენტში ცვლილებები განახორციელა, რომლის მიხედვით, პარლამენტში საარჩევნო ბლოკის სიით გასული დეპუტატები წარმდგენი პარტიისა და ფრაქციის დატოვების შემთხვევაში პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილი სხდომაზე განაცხადა, რეგლამენტში ცვლილების შედეგად პოლიტიკური სუბიექტებისა და დეპუტატების ფართო წრეს პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საშუალება მიეცა.
მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ჯგუფის წესდება და შემადგენლობა აკმაყოფილებს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.
საბოლოოდ, „ევროოპტიმისტები“ პოლიტიკური ჯგუფის ყველა უფლებას პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომის შემდეგ მიიღებენ.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში თითქმის იმავე შესაძლებლობებს აძლევს დეპუტატებს, რასაც ფრაქცია. მათ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დელეგაციებში, დაესწრონ პარლამენტის ბიუროს. გარდა ამისა, მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ საპარლამენტო გამოსვლებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელ დეპუტატებს.
დღეისათვის პარლამენტში უკვე 7 პოლიტიკური ჯგუფი და 2 ფრაქციაა.