მარნეულში 16 წლის გოგოს მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, 7 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცოლად შერთვის მიზნით 29 წლის მამაკაცმა 16 წლის გოგოს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული 42 წლის მამაკაციც.
პოლიციამ გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი „ცხელ კვალზე“ დაადგინა და ბრალდებულები დააკავა.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.