სახელმწიფო გურიაში გზების რემონტზე 40 მლნ ლარზე მეტს დახარჯავს

მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, აღნიშნავენ უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. გურიის რეგიონში 43 კილომეტრამდე გზის შეკეთება სახელმწიფო ბიუჯეტს 42 მილიონ ლარამდე დაუჯდება, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, საუბარია ოთხ პროექტზე, რომელთა განხორციელებაც 2023 წლის ბოლოსთვის დასრულდება. რეგიონში უკვე მიმდინარეობს ერთი ახალი ხიდის მშენებლობა და ოთხი ნაპირსამაგრი პროექტი 1,5 კმ საერთო სიგრძით.
გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რეგიონში მთავრდება 46 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს.

„ხოლო დარჩენილ 3 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშული პროექტების ჯამური ღირებულება 42,2 მილიონი ლარია", – ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთის, ჩოხატაური–ბახმაროს, ოზურგეთი–ნატანები–ურეკის, ჩოხატაური–ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს, ასევე ნასაკირალის გზის მონაკვეთს.
ნასაკირალის მონაკვეთი საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.
მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას, მოსახლეობა კი კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს.