თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო განხორციელებული მომართვების საფუძველზე. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გუშინ შშმ არასრულწლოვნების სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე შშმ ქალთა ორგანიზაციამ განაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის დეა ერემაშვილის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები, სავარაუდოდ, სამი წელია ხდება, არასრულწლოვნების ასაკი კი 8 წლიდან იწყება. ორგანიზაციის ინფორმაციით, სმენადაქვეითებულ ბავშვებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ავიწროებდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
„გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დეპარტამენტებში კი გამოძიება სსკ-ს 151-ე მუხლით (მუქარა) მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ერთი პირი დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, დაკავებული შშმ პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.