თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ავარია კრწანისის ქუჩაზე, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ 2021 წლის ივნისში მოხდა. გამოძიების მიხედვით, სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაღმართზე დიდი სიჩქარით მოძრაობისას ხუთ ავტომანქანას დაეჯახა, გაარღვია დამცავი ჯებირი და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეზოში ჩავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორმა დაზიანებები მიიღო.
პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 276-ე მუხლით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) წარუდგინა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა