პირველად ისტორიაში: საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს

FIS-ის კალენდარში გუდაური და ბაკურიანი უკვე აღნიშნულია, როგორც მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლები.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. გუდაური და ბაკურიანი ზამთრის სპორტის სახეობების საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIS) მიიღო.
2023–2024 წლების ზამთრის სეზონში ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპები ჩატარდება მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის მასპინძლები, FIS-ის კალენდარში უკვე აღნიშნულია.
მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში გუდაურსა და ბაკურიანს ეწვევიან FIS-ის მაღალი თანამდებობის დელეგატები, რომლებიც შეჯიბრებებისთვის კონკრეტულ ადგილებს შეარჩევენ.

„საქართველო პირველად გახდება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლის კალენდრის ნაწილი. საქართველოში – ბაკურიანსა და გუდაურში მიმდინარე წლის ბოლოდან ჩატარდება მსოფლიო თასის სამი შეჯიბრი. ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლებთ წარმატებით ვუმასპინძლოთ ასეთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდრა საამაყო ადგილი ისეთი წარმატებული და განვითარებული სათხილამურო კურორტების გვერდით, რომლებიც არის საფრანგეთში, შვეიცარიაში, აშშ-ში თუ კანადაში.
მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის თქმით, ფედერაციამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბაკურიანში 2023 წლის თებერვალ–მარტში მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში და მან მაღალი შეფასება მიიღო.
FIS: საქართველო ზამთრის სპორტის დანიშნულების ქვეყანა გახდება>>
„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას. მსოფლიო თასის ეტაპებს მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ, უახლესი ინფრასტრუქტურითა და კარგად დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმოჩენილიყო“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში ბაკურიანში 18 თებერვალს გაიხსნა. მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობდა. სპორტის შვიდ სახეობაში ჯამში 30 შეჯიბრება გაიმართა.