GWP-მ წყლის ხარისხის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო პროკურატურას მიმართა

კომპანიამ მიმართა პროკურატურას განცხადებით, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით გავრცელებულმა უსაფუძვლო დეზინფორმაციამ მნიშვნელოვნად დააზიანა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმიჯი, ნათქვამის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ რიგ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ მიწოდებული სასმელი წყალი უხარისხოა.
კომპანიის ინფორმაციით, მათ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართეს.

„კომპანიამ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა დადგინდეს დეზინფორმაციის გავრცელების წყარო და მიზნები და მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ფაქტი”, – განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ალფაიძემ.

GWP-ს მტკიცებით, ისინი მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელ წყალს აწვდიან, ხარისხის კონტროლს კი კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ.
კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლის ნიმუშების აღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
წყლის ხარისხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამაც (სემეკი), სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ეროვნულ და საერთაშორისო ნორმებს. სემეკმა მოუწოდა თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას, არ აჰყვნენ ცრუ ინფორმაციას.