მსოფლიო დღეს

ყოფილი მზვერავი: აშშ-ს უცხოპლანეტური ხომალდები ჰყავს - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში არამიწიერი წარმოშობის კოსმოსური ხომალდების თავმოყრა შეძლო, განუცხადა News Nation-ს გეოკოსმოსური დაზვერვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა და სამხედრო-საჰაერო ძალების ვეტერანმა დევიდ გრაშმა.
როგორც მან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მიზნობრივი ჯგუფი ათობით წლის განმავლობაში პოულობდა უცხოპლანეტურ საფრენ აპარატებს.

„ეს არამიწიერი წარმოშობის ტექნიკური სატრანსპორტო საშუალებებია — ვუწოდოთ მათ კოსმოსური ხომალდები, ან, თუ გნებავთ, არამიწიერი ეგზოტიკური სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ან დაეშვნენ დედამიწაზე, ან ჩამოცვივდნენ“, — თქვა მან.

როგორც გრაში ირწმუნება, მას „მთავრობის ყველაზე კარგად დაცულ ზოგ საიდუმლოს ანდობდნენ“. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში აღადგენდა უცხოპლანეტელთა ხომალდებს, თუმცა ამის დასტურად არანაირი მტკიცებულება არ მოუყვანია — ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
როგორც News Nation წერს, მიუხედავად იმისა, რომ გრაში აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი ოფიცერია, თავდაცვის სამინისტროსთვის წარდგენილი მისი წერილიდან ჩანს, რომ ინფორმაცია სხვათა ნათქვამს ეფუძნება და არა პირველწყაროს.
მიუხედავად ამისა, გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საზედამხედველო კომიტეტი მოსმენების ჩატარებას გეგმავს, რათა გრაშის ინფორმაციაზე იმსჯელოს.
ამასთან აღინიშნება, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უარყო გრაშის ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამ დროისათვის მათ არანაირი მონაცემი არ გააჩნიათ, რომლებიც რაიმე სახის არამიწიერი აპარატების არსებობა-შენახვას დაადასტურებდა.
წყარო: News Nation